Monday, December 17, 2012

თბილისობის ისტორია

თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. პირველივე ღონისძიებამ განსაზღვრა მისი ხასიათი: ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა ხდება და ძველი თბილისი ცოცხლდება. ისტორიულ უბნებში კვლავ შეხვდებით ყარაჩოღელებს, კინტოებსა და მეთულუხჩეებს. 
ახლად დაარსებული თბილისობის აღნიშვნა  რესტავრირებულ უბნებში განხორციელდა და კოსტუმირებული კარნავალის სახე მიიღო: თბილისური სახლების აივნებიდან, როგორ ოდესღაც, ახლაც ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი თავადები და ქართულ კაბებში გამოწყობილი კავებიანი ,,კნეინები” გადმოჰყურებდნენ  მტკვარზე მოცურავე ტივებს. 
დღესაც, თბილისობის დადგომასთან ერთად ქუჩებში კვლავ ჩნდებიან ფაეტონები, შორიდან ნიავს მოაქვს არღნის სევდიანი ჰანგები  და აშუღთა სიმღერები-ქალაქი დროში მოგზაურობას იწყებს, შუა საუკუნეების მკვიდრნი ბრუნდებიან თითქოს.
თუმცა თბილისობის აღნიშვნაში არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ, ალბათ, ამიტომაც თბილისობას მეორენაირად  ,,შემოდგომის დღესასწაულსაც” უწოდებენ. 
მრავალსაუკუნოვანი ქალაქის დღეობის აღნიშვნა თავისთავად გულისხმობს უძველეს ტრადიციებთან თანაზიარობას. პირველივე თბილისობისას ერთ-ერთ საინტერესო სანახაობას ყეენობის გამოძახილი -აღორძინებული ხალხური თამაშობანი-კოჭაობა, ჯირითი, რიქთაფელა წარმოადგენდა. ძველ თბილისში ჭიდაობის საასპარეზო ალაგად დიდუბე ითვლებოდა და დღესაც აკაკის ბაღი ფალავანთა შეხვედრის ადგილია.  
უკვე მერამდენე წელია თბილისობის დადგომასთან ერთად იგეგმება უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება, რომლებიც სცდებიან საგამოფენო დარბაზებს, სცენებსა თუ სპორტულ მოედნებს და ქუჩებში გადმოინაცვლებენ. დღესასწაული ყოველთვის სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანია. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ საპატიო მოქალაქის წოდება, რაც არანაკლებ საზეიმო ვითარებაში ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა ჯერ სამ ათეულ წელიწადსაც არ ითვლის, იგი უკვე ურყევ ტრადიციადაა ქცეული.  დედაქალაქის მკვიდრთათვის და მისი სტუმრებისთვის თბილისი ორიოდე დღით გარდაიქმნება: კალაში თუ ისანში, მეტეხის ძირში თუ დარეჯნისეული სასახლის აივნების ქვეშ აზია და ევროპა ერთმანეთს კვლავ ხვდება, როგორც ოდესღაც გვიან შუა საუკუნეებში და თბილისსაც მხოლოდ მისთვის ჩვეული კოლორიტი და ხიბლი უბრუნდება.

http://www.tbilisiculture.com/index.php?pg=hl&tp=7


 საწნახელი რიყეზე
თბილისობის დღესასწაული შემოდგომის ზეიმთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციად იქცა დედაქალაქის შუაგულში – რიყეზე, გრანდიოზული საწნახელის მოწყობა და ყურძნის დაწურვის სახალხო ცერემონიალი. წლევანდელ თბილისობაზე 20 ტონა ყურძენი დაიწურა. 
ქალაქის ცენტრში ,,ამოზრდილი” უზარმაზარი საწნახელი და დაწურვის მხიარულ ფერხულში ჩაბმული მამაკაცების შეძახილები უჩვეულო სანახავია. წელიწადში ერთხელ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თბილისობაზე თავისი დაწურული ვაზის მადლიანი წვენით დაილოცოს. რიყეზე გამართულ ღონისძიებებს აქ გამართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები კიდევ უფრო სანახაობრივს ხდიან. თბილისობა საქართველოს ყველა ტრადიციას თავისთავში იკრებს. ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა კი გამვლელებს დიდი ხნით ატყვვებს. გარშემო კი მწვადის სურნელი ტრიალებას და მაცდურად ,,ეძახის” გამვლელებს.შემოდგომის ეს ულამაზესი დღესასწაული თბილისის სტუმრებს საშუალება აძლევს არამარტო მასპინძელი ქალაქის, არამედ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს გაეცნონ., მონაწილეობა მიიღონ აქ რიყეზე გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში, დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები და სამახსოვროდ ხელითნაკეთი სუვენირები შეიძინონ. თბილისობის შემდეგ ხომ მოსაგონარი მართლაც ბევრია.რიყე ყოველწელს იცვლი სახეს და ყოველთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.


არტი აბანოთუბანში
თბილისობის დღესასწაული ეპიცენტრად, ტრადიციულად, აბანოთუბანი მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ზეიმი თითქმის მთელს ქალაქს მოიცავს, აქ - ქალაქის უძველესსა და კოლორიტულ უბანში - დღესასწაულს განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს. 
თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით განსხვავებული და თვითმყოფადობით გამორჩეული კულტურები თანაარსებობდნენ. დღესაც, ეს ნიშან-თვისება ნათლად აისახება აბანოთუბანში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში.  
მთელი დღის განმავლობაში აბანოთუბანი მოზეიმეებს ქართულ და ეროვნულ უმცირესობათა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებზე ეპატიჟებოდა. აქვე პატარა მხატვრები ფერადი ფანქრებით საკუთარი თვალით დანახულ თბილისობას ხატავდნენ და ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ გამართულ გამოფენას მართავდნენ. სუვენირებისა და ხელით ნაკეთი ნივთების მოყვარულებს არტ-ბაზრობებზე არჩევნის მრავალფეროვნება ახვევდა თავბრუს. 
თბილისობა აბანოთუბანში ყოველთვის დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება თბილისის მკვიდრებსა და დედაქალაქის სტუმრებს.

ავტო შოუ

თბილისობა 2008-ის ორდღიანი დღესასწაულისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა სტარტი ვარდების მოედნიდან აიღეს, სადაც ავტომოყვარულებს საზეიმო სიურპრიზი ელოდათ-თბილისის მერიისა და ჟურნალ ,,აუტო ბილდის” ორგანიზებით აქ ავტო შოუ გაიმართა.
ღონისძიებაზე უნიკალური ანტიკვარული და ახალი მოდელის ავტომობილების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ამ უკანასკნელთ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები წარმოადგენდნენ: Volkswagen, Mitsubishi, BMW, Mercedes, Renault, Opel, Nissan, Toyota და კიდევ მრავალი სხვა.
ახალი ავტომობილების გვერდით თავს ამაყად იწონებდნენ ვეტერანები - ანტიკვარული უცხოური და საბჭოთა მარკის მანქანები. არანაკლები სიამაყე გამოიხატებოდა მფლობელების სახეზეც, როდესაც დამთვალიერებლების გაოცებულ და აღტაცებულ მზერას გრძნობდნენ.
ცნობილი ბრენდების ავტომობილების პარალელურად გამოფენის რამოდენიმე მონაწილემ ხელითნაკეთი ავტომანქანაც წარმოადგინა. სხვადასხვა მარკის ავტომობილის ნაწილებისგან აწყობილი ექსკლუზიური მოდელები თავისი უნიკალურობითა და საინტერესო დიზაინით იქცევდნენ ყურადღებას.
ღონისძიებას თემატურად ეხმიანებოდა ,,მოძრაობის თეატრის” მსახიობთა წარმოდგენა, რომელიც ლითონის კონსტურქციისა და ავტომანქანების დეტალებისგან შექმნილ იმპროვიზებულ ,,სცენაზე” გაიმართა.
თბილისობაზე გამართული ავტო-შოუ გასული საუკუნის 80-იანი წლების ტრადიციის გამოძახილია. მსგავსი ღონისძიებები დედაქალაქში წელიწადში რამოდენიმეჯერაც კი იმართებოდა. გამოფენის მონაწილეებიცა და დამთვალიერებელიც იმედოვნებენ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი სანახაობა კიდევ არაერთხელ გაახარებს ავტომოყვარულებს და იგი თბილისობის განუყოფელ ნაწილად იქცევა.











http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=620

No comments:

Post a Comment