Tuesday, January 15, 2013

კვლევა

ჩემი ბლოგის თემაა ქართული დღსასწაულები.აქ ნახავთ როგორც საერო ასევე სასულიერო დღესასწაულებსაც.ვერ ვიტყვი,რომ ყველა ეს დღესასწაული მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.მათგან მხოლოდ საქართველოში აღინიშნება:თბილისობა,ბერიკაობა,საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,ალავერდობა და ლომისობა. ამათგან გამოვყოფდი ლომისობას,რომელიც ჩემი კუთხისათვის,მთიულეთისთვისაა დამახასიათებელი. ეს დღესასწაული აღდგომის შემდეგ აღინიშნება და თავისი წარმართული ელემენტები მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის,ამიტომაც ამ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩამოდის.

Thursday, December 20, 2012

ქრისტეს შობა


  შობის მოვლენები ორ მახარებელს აქვს აღწერილი – მოციქულ მათეს (რომლიც თორმეტთაგანი იყო) და ლუკას (რომელიც სამოცდაათთაგანი იყო). რამდენადაც მათე მახარებელი თავის სახარებას ებრაელთათვის წერდა, იმდენად იგი მესიის წარმომავლობაში ხაზს უსვამს მამამთავარ აბრაამსა და დავით მეფეს, როგორც ეს წინასწარმეტყველთაგან იყო ნაწინასწარმეტყველები. ამიტომაც მათე მახარებელი ასე იწყებს სახარებას: „წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა“ (მათე 1,1-17).
იცოდა რა მახარებელმა, რომ იესო არ იყოს იოსების (ქალწულ მარიამის ქმარი) შვილი, იგი არ ამბობს, რომ იოსებმა შვა იესო, არამედ გენიოლოგიური ხაზის აღწერისას ამბობს, რომ „იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, ქრისტედ წოდებული“. მაგრამ რატომ მოჰყავს მაშინ მას იოსების წარმომავლობა და არა მარიამისა? საქმე ისაა, რომ ებრაელები არ აღწერდნენ თავიანთ წარმომავლობას დედის ხაზით (შეიძლება ითქვას, ქალის ხაზით). ამასთან, რჯული მათ ცოლის მოყვანას წარმომავლობის იმ შტოდან ავალებდა, რომელსაც ქმარი მიეკუთვნებოდა, ამიტომაც მახარებელმა წეს-ჩვეულებას არ გადაუხვია და იოსების წარმოშობის აღწერით აჩვენა, რომ მარიამი – ცოლი იოსებისა, და შესაბამისად მისგან შობილი იესო, დავითის შტოდან არიან წარმოშობილნი.
  წმინდა ლუკა მახარებელი კი აღნიშნავს, რომ ქრისტეს შობა რომის იმპერიაში გამოცხადებულ ხალხის აღწერას დაემთხვა და როგორც უკვე ითქვა, ებრაელები თავიანთ წარმომავლობას შტოების და შთამომავლობის მიხედვით აწარმოებდნენ. ეს ჩვეულება იმდენად ძლიერი იყო, რომ იმპერატორ ავგუსტუსის განკარგულების შეტყობისთანავე, ყოველი მათგანი იმ ქალაქებისკენ გაემართა, საიდანაც იყვნენ წარმომავლობით. იოსები და ქალწული მარიამი გალილეაში, ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, წარმომავლობით დავითის შტოდან იყვნენ, ამიტომაც ისინი ჩასაწერად ბეთლემში გაემგზავრნენ, რომელსაც დავითის ქალაქი ჰქვია, სადაც დაიბადა და მეფედ ეკურთხა დავით მეფსალმუნე. ბეთლემი იერუსალიმთან ახლოს, მის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქია. ნაზარეთიდან ბეთლემამდე გზის გავლას სამ დღეზე ცოტა მეტი სჭირდებოდა. ბეთლემიდან აღმოსავლეთით იყო დავითის ჭა, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს გამოქვაბული. როცა იოსები და მარიამი ქალაქს მიუახლოვდნენ, მარიამს მშობიარობის დრომ მოუწია. იოსებმა დასაბინავებელი ადგილის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან აღწერის გამო უამრავი ხალხი იყო ბეთლემში თავმოყრილი. ვინაიდან უკვე ღამდებოდა და მომავალი მესიის დედისთვის არ აღმოჩნდა ქალაქში ადგილი, იოსები და მარიამი იძულებულნი გახდნენ ქალაქგარეთ, სწორედ იმ გამოქვაბულში შეეფარებინათ თავის, სადაც უამონდობისას მწყემსები თავიანთ ნახირს აბინავებდნენ.
იესო ქრისტე იშვა ღამით, როცა ბეთლემში და მის შემოგარენში ყველა ღრმა ძილს იყო მიცემული.
შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ და სახარებაშიც არის აღწერილი:
გამოქვაბულის მოპირდაპირედ, რომელშიც მაცხოვარი იშვა, მაღალი კოშკი იდგა. კოშკში მწყემსები ცხოვრობდნენ. სამ მათგანს იმ ღამეს არ ეძინა, ვინაიდან ფარას მწყემსავდნენ. სწორედ მათ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციური ბრწყინვალებით. მის დანახვაზე მწყემსები ძალიან შეშინდნენ, მაგრამ გაბრიელმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე“. ამ სიტყვებით მთავარანგელოზმა მესიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე მიანიშნა, რომელიც არა მარტო ებრაელთათვის მოვიდა, არამედ ყველა ხალხისთვის, რამეთუ სიხარული იქნება ყველასათვის, ვინც მას მიიღებს, როგორც მხსნელს. გაბრიელმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას.
იმ დროს, როცა გაბრიელმა ამის შესახებ მწყემსებს აუწყა, ზეციდან მრავალი ანგელოზის გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ასე ადიდებდნენ ღმერთს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
რატომ აირჩია ანგელოზმა უბრალო მწყემსები და არ აუწყა ქვეყნად მესიის მოვლინება იუდეველ უხუცესებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს? იმიტომ, რომ „ბრმების ბრმა წინამძღოლებმა“ დაივიწყეს მესიის შესახებ წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი არსი.
ერთმანეთში მოთათბირების შემდეგ, მწყემსებმა გადაწყვიტეს ახალშობილის დაბადების ადგილას მისულიყვნენ და ენახათ მართალი იყო თუ არა, რაც მათ მთავარანგელოზმა უთხრა. მისულებმა ნახეს საქონლის ბაგაში მწოლარე ყრმა და ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მათ ეუწყათ. მწყემსებმა ირწმუნეს, რომ ის იყო მესია, რომელსაც ამდენს ხანს ელოდნენ და რომ იგი მოვიდა, რათა იხსნას კაცობრიობა.
მათ ყველაფერი უამბეს წმინდა იოსებსა და ღვთისმშობელს. სალომეა (ნათესავი ღვთისმშობლისა და იოსებისა) და ყველა იქ მყოფი, რომლებიც ახალშობილის სანხავად იყვნენ მოსულები, გაოცდნენ მწყემსების მონათხრობით. ღვთისმშობელი კი „ჩუმად უსმენდა მათ და იმარხავდა ყოველ სიტყვას გულში“.

                                          მოგვთა თაყვანისცემა                                                                                                 რამდენიმე თვით ადრე ქრისტეს შობამდე ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი გამოჩნდა. აღმოსავლელმა მოგვებმა (მოგვებს უწოდებდნენ განსწავლულ ადამიანებს, რომლებიც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ ციურ მნათობებს) და ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს იგი და დაიწყეს ფიქრი თუ რას ნიშნავდა ამ საკვირველი ვარსკვლავის გამოჩენა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, შობის ვარსკვლავი ცაზე იმ მომენტიდან აინთო, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვება ქვეყნიერების მხსნელი.
იმ პერიოდისთვის ხალხს სჯეროდა, რომ დიდი ადამიანის დაბადებისას ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მრავალმა წარმართმა, უმეტესად სპარსეთში, ებრაელთაგან იცოდა მომავალი მესიის, იუდეველთა დიადი მეფის შესახებ. სპარსი მოგვები ელოდნენ, რომ, როცა დაპირებული მეფე დაიბადებოდა, ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მართალია წინასწარმეტყველება მესიის ვარსკვლავის შესახებ სულიერი გაგებით იუწყებოდა, მაგრამ ღმერთმა, მისი გულმოწყალებით, წარმართებში რომ რწმენა გაეღვიძებინა, ცნობა მათთვის უფრო გასაგები ფორმით, ცაზე უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენით მისცა.
როცა ქრიტეს შობამდე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, სამი მოგვი, ყოველი თავისი ქვეყნიდან, გაემართნენ პალესტინისკენ.
იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ახალშობილ ყრმასთან ერთად ჯერ კიდევ ბეთლემში იმყოფებოდნენ, როცა შორეული აღმოსავლეთიდან წამოსული მოგვები იერუსალიმში მივიდნენ. იერუსალიმიდან ბეთლემისკენ მიმავლებს გზას ისევ ის უჩვეულო ვარსკვლავი უჩვენებდა, ვარსკვლავი თითქმის მიწამდე დაეშვა და ბოლოს იმ გამოქვაბულის თავზე გაჩერდა, სადაც ბაგაში ახალშობილი მაცხოვარი იწყვა. იხილეს რა საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, აღმოსავლელი ბრძენნი მიხვდნენ, რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებაში და დიდებულ დარბაზებში კი არა, სიღარიბეში, მორჩილებაში და ამქვეყნიური დიდების მოძულებაში იყო. წარმართ განსწავლულებზე მათთვის მოულოდნელმა სანახაობამ არ იმოქმედა და ის რწმენა არ შერყევიათ, რის გამოც ასეთი გრძელი გზა გამოიარეს. პირიქით, შევიდნენ საქონლის სადგომში, მიახლნენ ბაგაში მწოლიარე ყრმას და თაყვანის სცეს არა მარტო როგორც მეფეს, არამედ როგორც ღმერთსაც და ძღვენიც მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.
თაყვანი სცეს რა იესოს, მოგვები იერუსალიმში ჰეროდესთან არ დაბრუნდნენ, როგორც მან უბრძანა, მაგრამ, მიიღეს რა ნიშანი ზეციდან, საკუთარ ქვეყანაში სხვა გზით დაბრუნდნენ. მაშინ ჰეროდე მიხვდა, რომ ჩვილის პოვნის ჩანაფიქრი არ განხორციელდებოდა და ბეთლემსა და მის შემოგარენში ორ წლამდე ასაკის ყველა ვაჟის დახოცვა ბრძანა. იგი ვარაუდობდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის იქნებოდა ბავშვი, რომელსაც საკუთარ მეტოქედ აღიქვამდა.ბეთლემში ჰეროდეს მიერ დახოცილ იქნა თოთხმეტი ათასი ჩვილი, რომელნც ქრისტესათვის წამებულთა დასს შეუერთდნენ.
                დახოცილი ჩვილები ქრისტესთვის პირველი წამებულები გახდნენ                       ღვთის რისხვა მალე თვითონ ჰეროდესაც ეწვია, იგი დაავადდა და მატლებმა ცოცხლად შეჭამეს. სიკვდილის წინ მეფემ კიდევ ბევრი ბოროტების ჩადენა მოასწრო: მოკლა საკუთარი ძმა, და და მისი მეუღლე, საკუთარი ცოლი მარიამნა და სამი ვაჟიშვილი, ასევე მრავალი სხვა ადამიანი.
მაცხოვრის შობასთან დაკავშირებულ მონათხრობში კიდევ ის არის შესანიშნავი, რომ პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე – სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.

x

Wednesday, December 19, 2012

ნიკოლოზობა


დაახლოებით 16 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, რომელსაც მისი ცხოვრებისა და იმ სასწაულების გამო, რომლებიც დღემდე აღესრულება, უდიდეს პატივს სცემს მთელი ქრისტიანული სამყარო.
19 დეკემბერს, მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქ. პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე), ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა.
წმინდა ნიკოლოზის მშობლები – თეოფანე და ნონა, წარმოშობით დიდგვაროვანი, შეძლებული და ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მათ დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი, უფალს მემკვიდრის მონიჭებას ევედრებოდნენ, თან აღთქმა დადეს, რომ თუ უფალი თხოვნას შეუსრულებდა, ნანატრ შვილს მასვე შესწირავდნენ. უფალმა მათი თხოვნა შეისმინა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.
ჩვილმა წმინდა ნიკოლოზმა პირველივე დღეებში აჩვენა, რომ იგი უფლის მსახურებისთვის იყო განკუთვნილი.
გადმოცემის თანახმად, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, ახალშობილი ყრმა, ყველას დაუხმარებლად იდგა ემბაზში სამი საათი. ამით, მან თავისი რწმენა გამოხატა ყოვლადწმინდა სამების მიმართ.
ასევე, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით, დედის რძეს მხოლოდ ერთხელ ღებულობდა. მას შემდეგ, რაც მისი მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.
ნიკოლოზი ბავშვობიდანვე ლოცულობდა და წმინდა წიგნებს კითხულობდა. წმინდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც ძმისწულის სულიერი წინსვლა ახარებდა, ჯერ მედავითნედ დაადგინა. შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმინდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყოს წმინდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: “ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინის ცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქმნება”.
მისმა ბიძამ წმინდა ნიკოლოზს მრევლთან ქადაგების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებით გამორჩეული და გონიერი ჭაბუკი მორწმუნეებში გაოცებას და პატივისცემას იწვევდა.
წმინდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე და თავმდაბალი იყო. ცდილობდა თავისი სულიერი საქმენი ჩუმად შეესრულებინა, რათა სხვისთვის ნათელი არ გამხდარიყო. მშობლების გარდაცვალების შემდგომ, იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა.
ერთხელ ერთმა შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და თავის გაჭირვებიდან რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი ულამაზესი ქალიშვილი საროსკიპოში გაეშვა. ამის შესახებ, რომ წმინდანმა შეიტყო, მას ღამით, ფარულად სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისგან და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმინდა ნიკოლოზი ცდილობდა კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო განცხადებული.
როდესაც წმინდა ნიკოლოზის ბიძა იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა, მისი საქმე ნიკოლოზს გადააბარა, უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება. მისი დაბრუნების შემდეგ თავად წავიდა წმინდა მიწის მოსალოცად.
იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმინდა ადგილი მოილოცა. ნეტარმა უდაბნოში სამოღვაწეოდ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ იგი ზეციურმა ხმამ შეაჩერა, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. ღირსი მამა წმინდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა და ერში გასვლა უბრძანა, საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი ომოფორი.
ქ. მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს, უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: “პირველი ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია. მას ნიკოლოზი ჰქვია“. ამასობაში, წმინდა ნიკოლოზი მირონში ჩავიდა, ჩვეულებისამებრ ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როდესაც კარებთანმდგარმა ეპისკოპოსმა, საყდარში პირველად შესულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა და უფლის რჩეულის მოლოდინში იქ თავმოყრილ მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ხმა ქალაქში და ხალხი ტაძარს მოაწყდა. “მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმინდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანის კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!” – მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპისმა.
მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა წმინდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყოს სიმდაბლის მაგალითს აძლევდა.
ამასობაში იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა წამოიწყო. წმინდა ნიკოლოზი არ შემდრკალა, ის მაინც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. სადაც დიდხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა შიმშილს, წყურვილს. ბოლოს დევნა შეწყდა და ტახტზე წმინდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი ავიდა, რის შემდეგად წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.
325 წელს წმინდანი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში, ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელ სიტყვებს და ხალხის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა, ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმინდანს აჰყარეს და დააკავეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ, საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი ღვთისმშობელი ომოფორით და ამის შემდეგ კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული წმინდანი.
წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ამათგან, ყველაზე განსაკუთრებულია ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენა.
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და 345-351 წწ. მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე წმინდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.
ნიკოლოზობა აღინიშნება ორჯერ: 9 მაისს და 19 დეკემბერს. წმინდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი საქართველოს ეკლესიის მფარველი წმინდანია. ამიტომ ქართველ მორწმუნეებს იგი გამორჩეულად უყვართ.

Monday, December 17, 2012

თბილისობის ისტორია

თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. პირველივე ღონისძიებამ განსაზღვრა მისი ხასიათი: ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა ხდება და ძველი თბილისი ცოცხლდება. ისტორიულ უბნებში კვლავ შეხვდებით ყარაჩოღელებს, კინტოებსა და მეთულუხჩეებს. 
ახლად დაარსებული თბილისობის აღნიშვნა  რესტავრირებულ უბნებში განხორციელდა და კოსტუმირებული კარნავალის სახე მიიღო: თბილისური სახლების აივნებიდან, როგორ ოდესღაც, ახლაც ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი თავადები და ქართულ კაბებში გამოწყობილი კავებიანი ,,კნეინები” გადმოჰყურებდნენ  მტკვარზე მოცურავე ტივებს. 
დღესაც, თბილისობის დადგომასთან ერთად ქუჩებში კვლავ ჩნდებიან ფაეტონები, შორიდან ნიავს მოაქვს არღნის სევდიანი ჰანგები  და აშუღთა სიმღერები-ქალაქი დროში მოგზაურობას იწყებს, შუა საუკუნეების მკვიდრნი ბრუნდებიან თითქოს.
თუმცა თბილისობის აღნიშვნაში არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ, ალბათ, ამიტომაც თბილისობას მეორენაირად  ,,შემოდგომის დღესასწაულსაც” უწოდებენ. 
მრავალსაუკუნოვანი ქალაქის დღეობის აღნიშვნა თავისთავად გულისხმობს უძველეს ტრადიციებთან თანაზიარობას. პირველივე თბილისობისას ერთ-ერთ საინტერესო სანახაობას ყეენობის გამოძახილი -აღორძინებული ხალხური თამაშობანი-კოჭაობა, ჯირითი, რიქთაფელა წარმოადგენდა. ძველ თბილისში ჭიდაობის საასპარეზო ალაგად დიდუბე ითვლებოდა და დღესაც აკაკის ბაღი ფალავანთა შეხვედრის ადგილია.  
უკვე მერამდენე წელია თბილისობის დადგომასთან ერთად იგეგმება უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება, რომლებიც სცდებიან საგამოფენო დარბაზებს, სცენებსა თუ სპორტულ მოედნებს და ქუჩებში გადმოინაცვლებენ. დღესასწაული ყოველთვის სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანია. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ საპატიო მოქალაქის წოდება, რაც არანაკლებ საზეიმო ვითარებაში ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა ჯერ სამ ათეულ წელიწადსაც არ ითვლის, იგი უკვე ურყევ ტრადიციადაა ქცეული.  დედაქალაქის მკვიდრთათვის და მისი სტუმრებისთვის თბილისი ორიოდე დღით გარდაიქმნება: კალაში თუ ისანში, მეტეხის ძირში თუ დარეჯნისეული სასახლის აივნების ქვეშ აზია და ევროპა ერთმანეთს კვლავ ხვდება, როგორც ოდესღაც გვიან შუა საუკუნეებში და თბილისსაც მხოლოდ მისთვის ჩვეული კოლორიტი და ხიბლი უბრუნდება.

http://www.tbilisiculture.com/index.php?pg=hl&tp=7


 საწნახელი რიყეზე
თბილისობის დღესასწაული შემოდგომის ზეიმთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციად იქცა დედაქალაქის შუაგულში – რიყეზე, გრანდიოზული საწნახელის მოწყობა და ყურძნის დაწურვის სახალხო ცერემონიალი. წლევანდელ თბილისობაზე 20 ტონა ყურძენი დაიწურა. 
ქალაქის ცენტრში ,,ამოზრდილი” უზარმაზარი საწნახელი და დაწურვის მხიარულ ფერხულში ჩაბმული მამაკაცების შეძახილები უჩვეულო სანახავია. წელიწადში ერთხელ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თბილისობაზე თავისი დაწურული ვაზის მადლიანი წვენით დაილოცოს. რიყეზე გამართულ ღონისძიებებს აქ გამართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები კიდევ უფრო სანახაობრივს ხდიან. თბილისობა საქართველოს ყველა ტრადიციას თავისთავში იკრებს. ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა კი გამვლელებს დიდი ხნით ატყვვებს. გარშემო კი მწვადის სურნელი ტრიალებას და მაცდურად ,,ეძახის” გამვლელებს.შემოდგომის ეს ულამაზესი დღესასწაული თბილისის სტუმრებს საშუალება აძლევს არამარტო მასპინძელი ქალაქის, არამედ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს გაეცნონ., მონაწილეობა მიიღონ აქ რიყეზე გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში, დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები და სამახსოვროდ ხელითნაკეთი სუვენირები შეიძინონ. თბილისობის შემდეგ ხომ მოსაგონარი მართლაც ბევრია.რიყე ყოველწელს იცვლი სახეს და ყოველთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.


არტი აბანოთუბანში
თბილისობის დღესასწაული ეპიცენტრად, ტრადიციულად, აბანოთუბანი მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ზეიმი თითქმის მთელს ქალაქს მოიცავს, აქ - ქალაქის უძველესსა და კოლორიტულ უბანში - დღესასწაულს განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს. 
თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით განსხვავებული და თვითმყოფადობით გამორჩეული კულტურები თანაარსებობდნენ. დღესაც, ეს ნიშან-თვისება ნათლად აისახება აბანოთუბანში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში.  
მთელი დღის განმავლობაში აბანოთუბანი მოზეიმეებს ქართულ და ეროვნულ უმცირესობათა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებზე ეპატიჟებოდა. აქვე პატარა მხატვრები ფერადი ფანქრებით საკუთარი თვალით დანახულ თბილისობას ხატავდნენ და ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ გამართულ გამოფენას მართავდნენ. სუვენირებისა და ხელით ნაკეთი ნივთების მოყვარულებს არტ-ბაზრობებზე არჩევნის მრავალფეროვნება ახვევდა თავბრუს. 
თბილისობა აბანოთუბანში ყოველთვის დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება თბილისის მკვიდრებსა და დედაქალაქის სტუმრებს.

ავტო შოუ

თბილისობა 2008-ის ორდღიანი დღესასწაულისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა სტარტი ვარდების მოედნიდან აიღეს, სადაც ავტომოყვარულებს საზეიმო სიურპრიზი ელოდათ-თბილისის მერიისა და ჟურნალ ,,აუტო ბილდის” ორგანიზებით აქ ავტო შოუ გაიმართა.
ღონისძიებაზე უნიკალური ანტიკვარული და ახალი მოდელის ავტომობილების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ამ უკანასკნელთ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები წარმოადგენდნენ: Volkswagen, Mitsubishi, BMW, Mercedes, Renault, Opel, Nissan, Toyota და კიდევ მრავალი სხვა.
ახალი ავტომობილების გვერდით თავს ამაყად იწონებდნენ ვეტერანები - ანტიკვარული უცხოური და საბჭოთა მარკის მანქანები. არანაკლები სიამაყე გამოიხატებოდა მფლობელების სახეზეც, როდესაც დამთვალიერებლების გაოცებულ და აღტაცებულ მზერას გრძნობდნენ.
ცნობილი ბრენდების ავტომობილების პარალელურად გამოფენის რამოდენიმე მონაწილემ ხელითნაკეთი ავტომანქანაც წარმოადგინა. სხვადასხვა მარკის ავტომობილის ნაწილებისგან აწყობილი ექსკლუზიური მოდელები თავისი უნიკალურობითა და საინტერესო დიზაინით იქცევდნენ ყურადღებას.
ღონისძიებას თემატურად ეხმიანებოდა ,,მოძრაობის თეატრის” მსახიობთა წარმოდგენა, რომელიც ლითონის კონსტურქციისა და ავტომანქანების დეტალებისგან შექმნილ იმპროვიზებულ ,,სცენაზე” გაიმართა.
თბილისობაზე გამართული ავტო-შოუ გასული საუკუნის 80-იანი წლების ტრადიციის გამოძახილია. მსგავსი ღონისძიებები დედაქალაქში წელიწადში რამოდენიმეჯერაც კი იმართებოდა. გამოფენის მონაწილეებიცა და დამთვალიერებელიც იმედოვნებენ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი სანახაობა კიდევ არაერთხელ გაახარებს ავტომოყვარულებს და იგი თბილისობის განუყოფელ ნაწილად იქცევა.











http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=620

საახალწლო სუფრა

ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.


 იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა. მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება


ქართლ-კახეთში
საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად.


მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, გებჟალია და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა”.

საახალწოდ რაჭვულ ოჯახში ყოველთვის იკვლებოდა ღორი და კერძების უმეტესობაც ღორის ხორცისაგან მზადდებოდა. თუმცა, რაჭველები ასევე ამზადებდნენ სხვადასხვა ტიპის მხალეულსა და მრავალგვარი ცომეულისაგან მომზადებულ კერძებს. მხოლოდ ლობიანის 12 ვარიაცია არსებობდა რაჭაში. ასევე ცხვებოდა საახალწლო ხაჭაპური, რომელსაც გატარებულ გოგლის თესლსაც ურევდნენ და ეს ფრიად განსაკუთრებულ გემოს აძლევდა.




რაც შეეხება სასმელს, ძველქართულ საახალწლო სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ცნობილი ამბავია, რომ სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად, რადგან უბრალოდ არ არსებობდა საახალწლო სუფრა ღვინის გარეშე. მთაში რა თქმა უნდა, სუფრაზე ლუდიც იყო და არაყიც, მაგრამ ახალი წელი, ღვინის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.







ახალი წელი

თბილისში საინტერესო საახალწლო ტრადიციები არსებობდა. დღესასწაული სახალხო მხიარულებითა და სეირნობებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა – ეს ასეa დღესაც. თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა რამოდენიმე წეს-ჩვეულება. ძველად, თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც – ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ სანთლებს ანთებდა. ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად ოჯახის უფროსი ტაბლით ხელში მთელს სახლს შემოუვლიდა. მოზეიმეებს სწამდათ, რომ ამ დროს მას თან მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისათვის კეთილდღეობა და ბარაქა მოჰქონდა.
დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს. 
საახალწლო ტრადიციები
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია  წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ,,ბასილას კვერები.” 
ახალი წლის ისტორია
საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება
ალილოს ისტორიასაქართველოს ყველა კუთხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები თითოული ჭიშკრის წინ ჩერდებოდნენ და ყველას ქრისტეშობას ულოცავდნენ. მათ თან დაჰქონდათ კალათები, რომლებსაც მოსახლეობა პროდუქტებით, ტკბილეულითა და სხვადასხვა ნივთებით ავსებდა. ალილოს მონაწილეთა მსვლელობა დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა მისი კულმინაცია შეგროვილი შესაწირის გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაცემა იყო. სწორედ ქველმოქმედება დაედო საფუძვლად ალილოს ტრადიციას.  
ალილო საშობაო საგალობელია
ალილო ქართული საგალობელია, რომელიც შობის წინა ღამეს სრულდება. სწორედ საგალობლის სახელწოდება დაედო საფუძვლად საქართველოში საუკუნეების წინ დამკვიდრებულ საშობაო ტრადიციას. ეს ტრადიცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა - შობა დღეს ხალხი კარდაკარ დადიოდა და შესაწირს აგროვებდა, რომელსაც შემდეგ გაჭირვებულებს გადასცემდა. წლიდან წლამდე, საუკუნეების მანძილზე საქართველოში ალილოს მტკიცედ იცავდნენ
ალილო დღეს
XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ალილოს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, თუმცა 1990 – იან წლებში იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II_ის მიერ აღორძინდა. აქედან მოყოლებული ყოველი წლის შობა დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას
შეუერთდი ალილოს
ალილოს საზეიმო პროცესიას წინ სამღვდელოება მიუძღვის და შობის ხატს, საწინამძღვრო ჯვრებს და დროშებს მიაბრძანებს. მათ მგალობლები და მორწმუნეები მიჰყვებიან და გზადაგაზა შესაწირს აგროვებენ. გალობით მიმავალ მრევლს გზადაგზა გამვლელებიც უერთდებიან. დიდი თუ პატარა საერთო სიხარულის მონაწილე ხდება. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში სრულდება, სადაც შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაულს კათოლიკოს-პატრიარქი ულოცავს და ლოცვას აღავლენს.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ალილოს საზეიმო მსვლელობას – ეს მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობაა.

ორი ახალი წელი და ქართული კუთხური ტრადიციები


ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.
ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება.
ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს, მე-16 საუკუნეში შემოიღეს. ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება, ბირმაში – 1 აპრილს იწყება, ვიეტნამში – 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება.
ჩინეთში ახალი წელი 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის აღინიშნება. ახალი წლის თარიღს საქართველოშიც ხშირად ცვლიდნენ. საბოლოოდ, 1 იანვარს დამკვიდრდა.
ახალ წელთან დაკავშირებით, “ამბიონი” ესაუბრა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურს, მამა არჩილ ხაჩიძეს: “ახალი წელი რამდენიმე საუკუნეა, საქართველოში და თითქმის მთელი მსოფლიოს ნაწილში 1 იანვარს აღინიშნება. მაგრამ ახალ წელს 1 იანვარს ადრე არ აღნიშნავდნენ, იმიტომ რომ, არ არსებობდა ისეთი კოორდინირება, როგორიც ახლა გვაქვს. თან, ყველა ერს ჰქონდა გამორჩეული დღე, საიდანაც იწყებდა წელთაღრიცხვას.
იაპონიაში ახალ წელთაღრიცხვას მე-20 საუკუნემდე იმპერატორის ტახტზე ასვლიდან იწყებდნენ. საკუთარი წელთაღრიცხვა ჰქონდათ, ბაბილონელებს, ასურელებს, რომაელებს. რაც კაცობრიობა, დროის ათვლა დაიწყო, მას შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ზოგან შვიდი, ზოგან რვა, ზოგან ათ დღიანი კვირების, 10, 11, 12 თვიანი წელიწადის შემოღება. თუმცა წელიწადი ყველგან მეტნაკლებად განისაზღვრა და მთელს მსოფლიოში ერთმანეთს მიემსგავსა.
ახალი წელი, როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის და ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკლესიას გააჩნია თავისი უამრავი დღესასწაული, რომელსაც ყოველდღიურად აღნიშნავს, რადგან ყოველი დღე უფლის სადიდებელია. ეკლესიას აქვს თავისი დაარსების დღე, სულთმოფენობა. ეს უდიდესი დღესასწაულია.
ბუნებრივია, არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთდროულად არის მრევლიც და ჩვეულებრივი ნაწილი სახელმწიფოსი და იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ახალი წლის ორჯერ აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.
ახალი და ძველი წელიწადი, საეკლესიო დღესასწაული არ არის. ორი ახალი წელი მას შემდეგ შემოვიდა, რაც 1582წ. პაპმა გრიგოლ მე-13-მ განახორციელა კალენდარული რეფორმა, რომლის დროსაც მან ის ნაკლოვანებები იანგარიშა, რომელიც თავის დროზე, იულიუსის კალენდარს გააჩნდა. თუ სწორად მახსოვს, 14,157 მეათასედ წამის ცდომილებას იწვევდა. რაღაც პერიოდში ხდებოდა ამ ცდომილებების დაგროვება და ამ 1600 წლის განმავლობაში 13 სრული დღე დაგროვდა, რომელიც შემდგომში გამოაკლეს. მექანიკური ჩარევა მოხდა კალენდარში. თუმცა, არა ათვლის პრინციპით. უშუალოდ კალენდარში 13 დღე გამოტოვეს და დაიწყეს დროის ახალი ათვლა.
მრევლს რაც შეეხება, თავისუფლად შეუძლია ორივე იდღესასწაულოს. თუმცა, ახალი წელი იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ აუცილებლად მარხვით.
ახალ წელს ყველა ახალი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. ჩვენც, როგორც რიგითი მოქალაქეები ვერ ჩამოვრჩებით და არც უნდა ჩამოვრჩეთ.
ასევე უნდა ავღნიშნოთ ძველი და ახალი წელი, რომელიც საეკლესიო თვალსაზრისიდან გამომდინარე ნამდვილად დგება, ის დღე, რომელიც შობის დღესასწაულს მოსდევს. მაცხოვრის შობის შემდეგ იწყება ახალი წელი მთელს მსოფლიოში”.
ტრადიციები და ახალი წელი
ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ. ძველად, თბილისის მოსახლეობა ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდა, თვლიდნენ, რომ ამ დღეს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო, თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება მათ გვერდს აუვლიდა.
ძველად ახალ წელს დათრობა და ხმამაღალი საუბარი არ შეიძლებოდა. ეს ყველაზე ტკბილი დღე იყო, მთაშიც და ბარშიც. რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, დიასახლისი რიტუალურ პურს, ბედისკვერს აცხობდა ოჯახის ყველა წევრისათვის. ბარში ტაბლაზე დააწყობდნენ წითელ კვერცხებს, ცივად მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ჩურჩხელას, ჩამიჩს, ღვინოს, არაყს, ნაზუქებს… ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი მთაშიც და ბარშიც შეშის მოტანა იყო.
სვანეთში, მეკვლის მოსვლამდე, ოჯახის მეკვლე თავად ოჯახის უფროსი იყო. ახალი წლისთვის სპეციალურად არჩევდნენ ხმელ ფიჩხებს, ბუხარში ცეცხლის მოკიდებისთანავე ტკაცა-ტკუცი რომ აეტეხა. თუ ერთი სულის შებერვით აინთებოდა, ნიშნავდა, რომ ოჯახს ცეცხლის მადლი ექნებოდა. შემდეგ ოჯახის უფროსს ცხენი ან ხარი წყაროზე გაჰყავდა. იქ “ხელს აუხსნიდნენ” მეზობლები ერთმანეთს, თითო სადღეგრძელოსაც იტყოდნენ და ერთმანეთს დალოცავდნენ.
ამის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში ბრუნდებოდა, კარზე დააკაკუნებდა და მეკვლის სიტყვას გაიმეორებდა, “კარი გამიღე შენ ბედნიერო”. ოჯახიდანაც იგივე ტექსტს პასუხობდნენ. სახლში შესვლისას ტკბილეულთან ერთად თოვლის გუნდაც შეჰქონდა, როგორც სიწმინდის და სისუფთავის სიმბოლო.
რაჭაში 31 დეკემბერი კალანდობის სახელით არის ცნობილი. ამ დღეს ოჯახის წევრი ტყეში წავიდოდა და შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, რომელიც კალოზე წაღმით აღმოსავლეთისკენ იდგმებოდა და ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებაზე. ნათლისღებას კი საკალანდო ღორი იკვლებოდა, აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ოჯახის წევრის გაღვიძებამდე მოდიოდა ოჯახის შინაური მკლოვიარე-მეკვლე. მკლოვიარეს კარებს უღებდნენ მას შემდეგ, რაც იგი სამჯერ დაარწმუნებდა სახლში მყოფთ, რომ ოჯახისთვის ბარაქა მოჰქონდა.
ლეჩხუმში 31 დეკემბერს კალანდა ეწოდებოდა. ქალები საკალანდე ღორს – ნეზვს კლავდნენ. ღორის თავი სხვენზე ნათლისღებამდე ეკიდა. სხვადასხვა კუთხეში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიციები.

გურიაში საახალწლო სამზადისი, ახალი წლის წინა დღეს იწყებოდა. ყველაფერს რეცხავდნენ, საკალანდე ღორი იკვლებოდა და ოჯახი მეკვლის დასახვედრად ემზადებოდა. მეკვლე კი საახალწლო რიტუალისთვის უმთავრესი იყო. ის ახალი წლის დილას, გარიჟრაჟზე მიდიოდა გურიაში, სამეკვლეო პროდუქტებით, რომელიც გურული კაცისათვის აუცილებელი იყო. ეს ტკბილეული იყო, სასმელი, ბალახი ან ნორჩი ტოტი, რაც სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა. მეკვლე კარზე აკაკუნებდა და იძახდა: “კარი გამიღე ბედნიერო”, ოჯახის უფროსი გასძახებდა: “რა მოგაქვს?”, მეკვლე პასუხობდა: “ბედნიერება, ჯანმრთელობა, დოვლათი, ბარაქა, ყველაფერი სიკეთე”. ამის შემდეგ მეკვლე ოჯახში შედიოდა. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება რამდენიმე ოჯახის მეკვლე ყოფილიყო.